ყურადღება ყატარისკენ!.. კალათები მზადაა

ყურადღება ყატარისკენ!.. კალათები მზადაა

 

წილისყრის წინ. 1 აპრილს ყატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფების წილისყრა გაიმართება…საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ამ დროისთვის 32-დან 29 ნაკრები გასულია და დარჩენილი სამიც ივნისში გაირკვევა.

კალათები კი ცნობილია. რეიტინგის მიხედვით გადანაწილდნენ გუნდები, ოღონდ ორი შეზღუდვით, რაც ადრეც იყო: ერთ ჯგუფში მაქსიმუმ 2 ევროპული ნაკრები იქნება; ევროპის გარდა, სხვა არცერთი კონტინენტის ორი ნაკრები ერთად ვერ მოხვდება;

პირველი კალათა: ყატარი, ბრაზილია, ბელგია, საფრანგეთი, არგენტინა, ინგლისი, ესპანეთი, პორტუგალია;

მეორე კალათა: ნიდერლანდები, დანია, მექსიკა, გერმანია, აშშ, ურუგვაი, შვეიცარია, ხორვატია;

მესამე კალათა: სენეგალი, ირანი, იაპონია, მაროკო, სერბეთი, პოლონეთი, სამხრეთ კორეა, ტუნისი;

მეოთხე კალათა: კამერუნი, კანადა, ეკვადორი, საუდის არაბეთი, განა, პერუ-ავსტრალიას შორის გასული, კოსტა რიკა-ახალი ზელანდიას შორის გასული, უელსი-უკრაინა/შოტლანდიას შორის გასული.

როგორც ხედავთ, გერმანია და ნიდერლანდები მეორე კალათაში იქნებიან. ასეთი ჯგუფიც შეიძლება მივიღოთ: ბრაზილია, გერმანია, სერბეთი, კამერუნი.

დებიუტანტი ნაკრები არცერთი არაა მასპინძელი ყატარის გარდა… კანადა 36-წლიანი შესვენების მერე ითამაშებს მსოფლიოზე. ერთადერთი ნაკრები, რომელსაც არასოდეს გამოუტოვებია დიდი ფორუმი, როგორც იცით, ბრაზილიაა.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა იტალიის ვერგასვლაა. თანაც, ზედიზედ მეორედ. 2006 წელს ჩემპიონები რომ გახდნენ, მას მერე ორ მსოფლიოზე მოხვდნენ და ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, ორი მუნდილი კი სულაც გაუცდათ…

დიდი ზეიმის დაწყებამდე კი რაღა დარჩა? 8 თვეზე ნაკლები. 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.