ჯოკოვიჩმა 38-ე მასტერსი მოიგო

იტალიის დედაქალაქ რომში დასრულდა ATP-ის მორიგი მასტერსი. ფინალურ შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა 6:0 7:6 სძლია სტეფანოს ციციპასს და კარიერაში 87-ე ტიტული მოიგო.
შეხვედრის სტარტი სერბ ჩოგბურთელს იდეალური გამოუვიდა – პირველივე გეიმში აიღო მეტოქის ჩაწოდება და ანგარიშში დაწინაურდა. ნოვაკი აღებული ტემპის დაგდებას არ აპირებდა და უბრალოდ ანადგურებდა მოწინააღმდეგეს. 30 წუთში ანგარიში ანგარიში უკვე 6:0 იყო ჯოკოვიჩის სასარგებლოდ.
“სერბულმა ჯოკერმა” კარიერაში მესამედ შეძლო მასტერსის ფინალში სეტის 0-ზე მოგება (2015 წელს, მაიამიზე მოუგო მარეის, 2016 წელს მილოშ რაონიჩს მოუგო ინდიან უელსზე).
მეორე პარტიის სტარტზე სტეფანოსი გამოფხიზლდა – ბერძენმა ჯერ საკუთარი გეიმი მოიგო, ხოლო შემდეგ კი უკვე ბრეიკიანი უპირატესობაც მოიპოვა. ციციპასი იოლად ინარჩუნებდა ამ ჰანდიკაპს (5:2) და თითქოს მესამე სეტი გარდაუვალი იყო, თუმცა მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა გადამწყვეტ მომენტში უკუბრეიკი შეასრულა და წონასწორობაც აღადგინა 5:5.
პარტიის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც მცირე ფსიქოლოგიური უპირატესობა სერბს ქონდა – ჯოკომ დაძაბულ ბრძოლაში 7:5 მოიგო “საჩოგბურთო ლატარეა” და მასთან ერთად მატჩიც 6:0 7:6 (7:5).
მატჩი 1 საათსა და 38 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში “ჯოკოს” ანგარიშზე 6 ეისი, 4 ბრეიკი და 1 ორმაგი შეცდომა იყო. თავისმხრივ ბერძენმა 1 ეისის წილ 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა და ორი ბრეიკპოინტიდან ერთის რეალიზება შეძლო.
ჯოკოვიჩმა კარიერაში 38-ე მასტერსი მოიგო და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა( მეორე ადგილზეა ნადალი – 36).
ჯოკოვიჩმა კარიერაში მეექვსედ მოიგო რომის მასტერსი (მასზე მეტი მხოლოდ ნადალს აქვს – 10).
ჯოკოვიჩი რომის მასტერსის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებულია – 34 წლის, 11 თვის და 23 დღის.
ჯოკოვიჩმა რომის მასტერსი სეტის წაუგებლად მოიგო. ბოლოს ეს ენდი მარეი შეძლო 2016 წელს.