0:1 – როცა მეტოქე უფრო ჭკვიანი და პრაქტიკულია

0:1 – როცა მეტოქე უფრო ჭკვიანი და პრაქტიკულია
დინამო ბათუმი
ბატე
კონფერენს ლიგა

იმ დროს, როცა გუნდებს შორის დიდი სხვაობა არაა, ყველაფერს წვრილმანები და დეტალები წყვეტენ. რით მოუგო ბელარუსის ბატემ საქართველოს ჩემპიონატის ლიდერ ბათუმის დინამოს? უპირველესად ჭკვიანური თამაშით და სივრცეების სწორად გამოყენებით, პრაქტიკულობით, გუნდურობით და დაცვიდან შეტევაში სწორი გადასვლებით.

 

გია გეგუჩაძის გუნდი უშანსოდ ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა როცა ყველაზე რეალურ შანსად არდანიშნულ პენალტს ვახსენებთ, უკვე ცუდია… შეეძლო ყაზახ მსაჯს პირველი ტაიმის ბოლო წუთზე პენალტის დანიშვნა, მაგრამ მხოლოდ „შეეძლო“ და ეს არ ყოფილა უეჭველი.

 

კარგი იყო ირაკლი აზაროვის მოქმედებები, მომენტებში ტეიდი-ალთუნაშვილის საყრდენი ზონაც მშვენივრად მუშაობდა, მაგრამ მთლიანობაში სინქრონი არ იყო – გუნდურად ბათუმელები აგებდნენ. მოკლედ, წააგეს ისე, როგორც ძალიან ბევრჯერ წაუგიათ ქართულ გუნდებს: მხოლოდ ადგილზე ტექნიკას არ მოაქვს შედეგი. პრაქტიკულობა არ იყო.

 

რაც დრო გადიოდა, თითქოს ბათუმელებს უფრო უცუდდებოდათ თამაში, ხოლო ბატე მომენტებში სწრაფ კონტრშეტევებს მიმართავდა – განსაკუთრებით მარცხნიდან. ორჯერ გადარჩნენ ქართველები, ბოლოს კი ვეღარ… კლასიკური კონტრშეტევა, უმაროვმა კარგად მოძებნა იუსოვი, რომელმაც საჯარიმოს გარედან შორეულ ძელს მოარტყა ბურთი და დამატებაზე პაველ ნეხაიჩიკმა შეაგორა ბურთი კარში.

 

29 ივლისს ბელარუსში საპასუხო მატჩია.

 

დინამო (ბათუმი) – ბატე (ბორისოვო) 0:1

 

გოლი: 0:1 ნეხაიჩიკი (83)