2 გამარჯვება, 2 მარცხი – ქართველებმა მინსკში იბრძოლეს

00:08 / 20 ნოე 2021
2 გამარჯვება, 2 მარცხი – ქართველებმა მინსკში იბრძოლეს

ACA 132-ის ფარგლებში 4-მა ქართველმა იბრძოლა – 2 დაპირისპირებაში გავიმარჯვეთ, 2-ში კი დავმარცხდით.

ივენთი ვაჟა წიპტაურმა გახსნა, რომელიც ბელორუსელ დიმიტრი რომანოვს დაუპირისპირდა და სრული დომინაციის ხარჯზე, მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს ვაჟასთვის მესამე ბრძოლა და მეორე გამარჯვება იყო ACA-ს ორგანიზაციაში.

რიგით მეორე ბრძოლაშიც ახალგაზრდა ქართველმა, ბიძინა გავაშელიშვილმა იასპარეზა. იგი ბრაზილიელ ჟოზელ სილვას დაუპირისპირდა – მეორე რაუნდამდე ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მეორე რაუნდის მიწურულს კი ბრაზილიელმა მებრძოლმა ბიძინა ხელის მტკივნეულზე გამოიჭირა და ბრძოლაც დაასრულა. ბიძინასთვის ეს მეორე ბრძოლა და პირველი მარცხი იყო აღნიშნულ პრომოუშენში.

ასევე ბრაზილიელს დაუპირისპირდა რაულ თუთარაულიც, რომელმაც ჰერბერტ ბატისტა უშანსოდ დაამარცხა. თუთარაული მთელი 3 რაუნდის მანძილზე პარტერში აკონტროლებდა და მძიმე დარტყმებს აყენებდა მეტოქეს. ამ მოგებით რაულმა აქტივში 28-ე მოგება მიითვალა, რომელთაგანაც 4 ACA-ში დააგროვა.

რაულის მიერ დამარცხებული მებრძოლის ძმას დაუპირისპირდა ლევან მაყაშვილი. უკომპრომისო ორთაბრძოლაში, სადაც 2 რაუნდი დგომში, ხოლო მესამე პარტერში მიმდინარეობდა, გამარჯვება ჰერდესონ ბატისტას დარჩა. მაყაშვილმა მესამე რაუნდი პირწმინდად მოიგო, თუმცა მსაჯების აზრით ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.