43 წლის ბოპანამ ინდიან-უელსის მასტერსი მოიგო

43 წლის ბოპანამ ინდიან-უელსის მასტერსი მოიგო

აგრძელებს მსოფლიო ჩოგბურთის ისტორიის გადაწერას როჰან ბოპანა. 43 წლის ინდოელმა  მეტიუ ებდენთან ერთად ინდიან უელსის მასტერსი მოიგო. ფინალურ მატჩში, ავსტრალიურ/ინდოურმა ტანდემმა 6:3 2:6 10-8 სძლია უესლი კულჰოფს და ნილ სკუპსკის.

null

კორტზე მყოფი 4 ჩოგბურთელიდან ბოპანა ყველაზე გამორჩეული იყო – ინდოელი ერთნაირად კარგი იყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. როჰანმა არაერთი მნიშვნელოვანი ქულა მოიგო ბადესთან და პირველი სეტი მისმა წყვილმა 6:3 “წაიღო”.

მეორე პარტიაში უკვე კულჰოფი/სკუპსკის ტანდემი ათამაშდა საუცხოოდ. მათ სამჯერ დააბრეიკეს მეტოქე, საკუთარი ჩაწოდება კი ერთადერთხელ დაკარგეს. 35 წუთში სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა 1-1.

სუპერ ტაიბრეიკზე ოდნავ უკეთესად ბოპანა/ებდენის წყვილი გამოიყურებოდა. ისინი ანგარიშში სულ წინ იყვნენ და საბოლოოდ “საჩოგბურთო ლატარეა” 10-8 მოიგეს, მასთან ერთად კი მატჩიც.

საჩოგბურთო მასტერსების მდიდარ ისტორიაში ბოპანა ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი გახდა. ინდოელმა 4 მარტს 43 წლიანი იუბილე აღნიშნა.

როჰანმა მოხსნა დანიელ ნესტორის მიერ დამყარებული რეკორდი – 2015 წელს ლეგენდარულმა კანადელმა ჩოგბურთელმა 42 წლის და 353 დღის ასაკში მოიგო მასტერსის ტურნირი.