50 წლის – უბრალოდ, ჯამარა…

50 წლის – უბრალოდ, ჯამარა…
საქართველოს ნაკრები
დინამო თბილისი
გიორგი ქინქლაძე
ჯამარაული

90-იანების სექტემბრის საღამო, თითქმის სავსეა დინამოს სტადიონი და ავსტრიის ტიროლთან მაგარი თამაში მიდის. პირველი ტაიმი მთავრდებოდა, დინამოს 8 ნომერმა ცენტრში მიიღო ბურთი და ლამის ნახევარი ავსტრია მოატყუა. და რომ უნდა დაერტყა, იმ დროს წააქციეს. პენალტი, რასაც რეზო არველაძის გოლი მოჰყვა.

 

დღეს ასეთ სოლოებს ხშირად ვერ ნახავთ… კარაქივით გაჭრა საყრდენი ზონა და დაცვის ხაზიც. ეს იყო გოჩა ჯამარაული. მინი-სპექტაკლებს გვთავაზობდა ჯამარა, ლამაზად, ტექნიკურად და ტვინით თამაშობდა.

 

გოჩა ჯამარაული 50 წლის გახდა.

 

გაიელვა რამდენიმე მომენტმა: ლინფილდთან ტიპებს ისე ატყუებდა, გეგონება ბურთს არ ეხებაო; გაიხსენეთ საქართველო-ბულგარეთი, რა გარღვევა და პასი დახატა პირველივე წუთზე, რასაც შოთა არველაძის გოლი მოჰყვა; გეგონება, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანს კი არა, ეზოში უმცროსკლასელებს ეთამაშებაო; როგორ გაუტანა შინ და სტუმრადაც მოსკოვის ტორპედოს.

 

ჯამარას თანაგუნდელობა კომფორტი იქნებოდა, მითუმეტეს შემტევი ფეხბურთელისთვის. ერთხელ დავით ოდიკაძემ გვითხრა, დინამოში რომ მიმიყვანეს და პირველად ვარჯიშზე ჯამარაული დავინახე, დავიბენი, ვარჯიშიდან გაქცევა მინდოდაო…

 

დინამოდან 90-იანების შუაში ბევრნი წავიდნენ, მოვიდა ახალგაზრდა თაობა და ჯამარაულმა მათ ულიდერა. აი, მოსკოვის ტორპედოსთან შეხვედრები რომ იყო, ჯამარა იყო დინამოს ტვინი და ფანტაზისტა.

 

რა თქმა უნდა, ჰქონდა ჩავარდნები და უარყოფითი მხარეებიც. მაგალითად, შავ სამუშაოსთან დაკავშირებით – უკვე იყო ის პერიოდი, როცა გამთამაშებლებსაც ევალებოდათ უკან ჩამოსვლა. ჯამარას ეგ თვისებებიც რომ ჰქონოდა, მაღალი ევროპული კლასის ნახევარმცველი იქნებოდა და უფრო მაღალი დონის კლუბებსაც მიუკაკუნებდა.

 

თუმცა ვაღიაროთ: უფრო მაგარი იყო, ვიდრე სახელი დატოვა. რაღაც პერიოდი ვერ გამოიყენა, ციურიხზე და დონეცკის მეტალურგზე მეტი ეკუთვნოდა. და საერთოდაც, ჯამარა ფეხბურთის კაცი იყო, თავის საქმეს უხმაუროდ და რეკლამის გარეშე აკეთებდა.

 

არ გვახსენდება მისი პოპულისტური განცხადებები, ან ვინმესთვის კოჭის გაგორება – ტიპაჟი, რომელიც მხოლოდ ლამაზ ფეხბურთთან ასოცირდება.

 

62 მატჩი, 6 გოლი – ასეთია ჯამარაულის სტატისტიკა ნაკრებში. რეალურად, ამ რიცხვებზე მაღლა იდგა.