Netflix, მაქს ფერსტაპენის შესახებ, მინი სერიალს გადაიღებს

13:46 / 13 იან 2022
Netflix, მაქს ფერსტაპენის შესახებ, მინი სერიალს გადაიღებს

ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონის გამარჯვებულის ბედი ბოლო რბოლის ბოლო წრეზე გაირკვა. ეს იყო საოცარი მარათონი, რომელსაც უშუალოდ ტრასიდან და ტელეეკრანებიდან მილიონობით ადამიანი უცქერდა! მსოფლიოს ჩემპიონი „რედ ბულის“ 24 წლის ნიდერლანდელი პილოტი მაქს ფერსტაპენი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ რბოლაში მთავარ კონკურენტ ლუის ჰემილტონს ბოლო წრეზე აჯობა, გაასწრო და ნანატრი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

აბუ დაბის გრან პრის, სადაც ჩემპიონი უნდა გარკვეულიყო, პილოტები ქულათა თანაბარი რაოდენობით (369.5) შეხვდნენ. ბოლო 2 რბოლისგან განსხვავებით, კვალიფიკაცია, ამჯერად, ნიდერლანდელმა მოიგო და პოულ-პოზიცია მისი იყო. თუმცა, ლიდერობა პირველივე წრეზე დათმო, ბრიტანელმა კარგი სტარტი აიღო და რბოლის ბოლომდე მყარად ინარჩუნებდა პირველ ადგილს. მოულოდნელი ავარიისა და უსაფრთხოების მანქანის გამოჩენის შემდეგ 59-ე წრეზე რესტარტის აუცილებლობა დადგა, ახალი საბურავებით მოძრავმა ფერსტაპენმა 5-კილომეტრიან ბოლო მარათონში ჰემილტონი პირწმინდად დაჩაგრა და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა.

ტრიუმფის შემდეგ მაქსი სოციალურ მედიაში თუ ტელევიზიებში ერთ-ერთი მთავარი და ტრენდული თემა იყო. „ტვიტერზე“, „ინსტაგრამზე“, „ფეისბუქზე“ დღემდე არ წყდება ბოლო რბოლის შესახებ კამათი და მსჯელობა. მრბოლელების პოპულარობა კი ყოველდღიურად იზრდება, სტატისტიკურად როგორც აღმოჩნდა წლევანდელ ფორმულა 1-ის სეზონს ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავდა. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნეტფლიქსი მაქს ფერსტაპენის შესახებ მინი სერიალის გადაღებას გეგმავს. მოლაპარაკებები რედ ბულთან და პილოტთან უკვე მიმდინარეობს. მხარეების თანხმობის შემთხვევაში, ფორმულა 1-ის და განსაკუთრებით, მაქსის ფანებს წინ საინტერესო ამბები ელით.

„მაქსი საოცარი პილოტია, ამ ასაკშიც კი ის უკვე ჩამოყალიბებული სპორტსმენია, მუდამ გამარჯვებისკენ ისწრაფვის, მას ამის საოცარი მოტივაცია და სურვილი აქვს. უკვე ახალ სეზონზე და ახალ ჩემპიონობაზე ფიქრობს. მისი ფანების არმია ყოველდღიურად იზრდება, სასპონსორო შემოთავაზებებიც უამრავია. მაქსს ემოციები ვერასდროს იმორჩილებს, თავისი ხასიათის მთავარი წარმმართველი თავად არის. ახლა ისვენებს, ყველა საინტერესო მარკეტინგულ თუ სხვა აქტივობას მალე ერთად განვიხილავთ და გადაწყვეტილებებს შემდეგ მივიღებთ“, – ამბობს „რედ ბულის“ მარკეტინგის სპეციალისტი სემ რეინი.

 

რაც შეეხება ნეტფლიქსს, ისინი როგორც ჩანს, მეორე მხარის დასტურს ელოდებიან, ოფიციალური დაანონსება და დაგეგმვა კი შემდეგ დაიწყება.

„სპორტის ეს სახეობა უამრავ ადამიანს აერთიანებს, წლევანდელი სეზონი ნამდვილი საოცრება იყო, პირველი გრან პრიდან დაწყებული, აბუ დაბის ბოლო წრით დასრულებული. პილოტები უდიდეს სამუშაოს ასრულებენ, ისინი ამ გრანდიოზული მარათონის თითოეული დეტალის და სირთულის გათვალისწინებით ნამდვილი გმირები არიან. ცხადია, მათდამი ინტერესი მუდამ იზრდება და ჩვენც გვსურს, ისინი მაყურებელს უფრო ახლოს გავაცნოთ“, – ამბობს „ნეტფლიქსის“ წარმომადგენელი ადამ რისთველი.

რაც შეეხება ფორმულა 1-ის დასრულებულ სეზონს, საბოლოო ჩათვლის ფერსტაპენის მოგების პარალელურად, „მერსედესს„ შეუძლია, თავი კონსტრუქტორთა თასის მოგებით ინუგეშოს და ახალი სეზონისთვის მოემზადოს.

 

საბოლოო ჩათვლა

  1. მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 395,5 ქულა
  2. ლუის ჰემილტონი („მერსედესი“) – 387,5
  3. ვალტერი ბოტასი („მერსედესი“) – 226
  4. სერხიო პერესი („რედ ბული“) – 190
  5. კარლოს საინსი („ფერარი“) – 164,5
  6. ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 160
  7. შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 159
  8. დანიელ რიკარდო („მაკლარენი“) – 115
  9. პიერ გასლი („ალფა ტაური“) – 110
  10. ფერნანდო ალონსო („ალპინი“) – 77

კონსტრუქტორთა თასი

  1. „მერსედესი“ – 613,5
  2. „რედ ბული“ – 585,5
  3. „ფერარი“ – 323,5
  4. „მაკლარენი“ – 155
  5. „ალფა ტაური“ – 142
  6. „ასტონ მარტინი“ – 77
  7. „უილიამსი“ – 23
  8. „ალფა რომეო“ – 13
  9. „ჰაასი“ – 0