U 21 ევროპა: ვინ ჩამოვა საქართველოში? 12 ცნობილი, 4 უცნობი

U 21 ევროპა: ვინ ჩამოვა საქართველოში? 12 ცნობილი, 4 უცნობი

 

შეგახსენებთ, გაისად საქართველო და რუმინეთი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ. 16-გუნდიანი ჩემპიონატი 21 ივნისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება. ფინალი ბათუმში გაიმართება…

16 ნაკრებიდან 12 უკვე ცნობილია. სულ რჩეული ქვეყნები, გრანდები… გერმანია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, ნიდერლანდები, ბელგია, პორტუგალია, ნორვეგია, შვეიცარია. ბუნებრივია, მათ დამატებული საქართველო და რუმინეთი.

შვეიცარიამ საუკეთესო მეორე ადგილი დაიკავა. დანარჩენი 4? ჯგუფის მეორეადგილოსნები ფლეი-ოფში დაწყვილდნენ. აი, წყვილები, მათი თამაშები 19-27 სექტემბერს გაიმართება.

ხორვატია-დანია

სლოვაკეთი-უკრაინა

ირლანდია-ისრაელი

ისლანდია-ჩეხეთი

ისევ ფინალურ ეტაპზე. საქართველოში ჩატარდება ორი ჯგუფის შეხვედრები, ორი მეოთხედფინალი, ერთი ნახევარფინალი და ფინალი.  საქართველოში სამი ქალაქის 4 სტადიონზე იქნება თამაშები: ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

2021 წელს ევროპის ჩემპიონატი გერმანიამ მოიგო. ზოგადად ყველაზე ბევრჯერ კი ესპანეთი და იტალია იყვნენ ჩემპიონები (5-5).

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები? რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ამხანაგურებში მშვენიერ შედეგებს აჩენებს, ჯერ მარტო ინგლისის 3:2 დამარცხება რად ღირს. ასაკის მიხედვით, ნაკრებს შეუძლიათ დაემატონ ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ირაკლი აზაროვი, გიორგი მიქაუტაძე, ანზორ მექვაბიშვილი…