US OPEN-ის სენსაციური დასაწყისი

US OPEN-ის სენსაციური დასაწყისი

ნიუ-იორკში სტარტი აიღო US OPEN-ის რიგით 142-ე გათამაშებამ. ამერიკის ღია პირველობის პირველივე სათამაშო დღე სენსაციებით დატვირთული გამოდგა – ტურნირს გამოეთიშნენ სტეფანოს ციციპასი და ტეილორ ფრიცი.

სტეფანოს ციციპასი მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ჩოგანია და ტურნირის მოგების ერთერთ ფავორიტადაც მიიჩნეოდა, თუმცა ბერძენმა ჩოგბურთელმა მოულოდნელი ფიასკო განიცადა გალან რივეროსთან. ბერძენმა ძალიან დაბალ დონეზე ითამაშა და საწყისი 2 სეტი უშანსოდ დათმო 0:6 1:6.

null

მესამე პარტიაში სტეფანოსი თითქოს გამოფხიზლდა და 6:3 იმარჯვა კიდეც. ციციპასის გულშემატკივრებს იმედი მიეცათ, რომ მათი საყვარელი სპორტსმენი ქამბექს შეასრულებდა, თუმცა კოლუმბიელმა მეოთხე სეტი 7:5 მოიგო და მასთან ერთად მატჩიც.

ტურნირს საწყის ეტაპზევე გამოეთიშა ამერიკის N1 ჩოგანი ტეილორ ფრიცი. 24 წლის ჩოგბურთელმა მწარე მარცხი იწვნია თანამემამულე ბრენდონ ჰოლტთან, რომელიც რეიტინგის მეოთხე ასეულშია (N303) 7:6 6:7 3:6 4:6.

შეხვედრის სტარტზე ჰოლტი უკეთესად გამოიყურებოდა, რომელმაც ადრეული ბრეიკი განახორციელა და 4:1 დაწინაურდა. ფრიცი დროულად გამოფხიზლდა, რომელმაც უკუბრეიკი შეასრულა და სეტი ტაიბრეიკამდე წვალებით მიიყვანა. ‘შაჩოგბურთო ლატარეაში ტეილორმა მეტოქეს 7:3 აჯობა და პარტიებში 1:0 დაწინაურდა.

null

მეორე სეტის სტარტზე ბრენდონმა ამჯერადაც მოიპოვა ბრეიკიანი ჰანდიკაპი, თუმცა ფრიცმა ისევ გაქვითა ანგარიში და მაყურებელმა მორიგი ტაიბრეიკი ნახა. ამჯერად უკეთესად უკვე ჰოლტი გამოიყურებოდა, რომელმაც მე-13 გეიმი 7:1 მოიგო და სეტებს შორის წონასწორობაც აღადგინა.

მესამე და მეოთხე სეტებში ამერიკის პირველი ჩოგანი საკუთარ თავს აღარ გავდა – ფრიცმა ორივე პარტიის სტარტზე ორ-ორჯერ დათმო საკუთარი ჩაწოდება და დიდი სხვაობით ჩამორჩა მეტოქეს. მართალია ტეილორმა თითო-თითო უკუბრეიკის შესრულება შეძლო, მაგრამ ეს საკმარისი აღარ გამოდგა მატჩის გადასარჩენად.