US OPEN-ის სენსაციური ჩემპიონი – 18 წლის ემა რადუკანუ

US OPEN-ის სენსაციური ჩემპიონი – 18 წლის ემა რადუკანუ

2021 წლის 8 ივნისს, 18 წლის ბრიტანელმა – ემა რადუკანუმ, რომელიც იმ მომენტში მსოფლიო რეიტინგის 366-ე ჩოგანი გახლდათ, WTA-ს ტურნირის ძირითად ბადეში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა – ნოტინგემის 250-იანთა კატეგორიის ტურნირზე ვაილდ ქარდი მიიღო, თუმცა მალევე წააგო მატჩი ტოპ 150-ის ბინადარ ჰერიეტ დარტთან.

მომდევნო 3 თვის განმავლობაში რადუკანუმ 2 დიდი სლემის ტურნირზე იასპარეზა – „უიმბლდონზე“ 1/8 ფინალში გავიდა, ხოლო US OPEN მოიგო.

რადუკანუ ამერიკის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, ზედიზედ 10 მატჩი მოიგო სეტის წაუგებლად და სრულიად დამსახურებულად გახდა US OPEN-ის ჩემპიონი. ემას ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდა, როდესაც მარიამ ბოლქვაძემ ბრიტანელ მეტოქეს 8 გეიმი მოუგო.

18 წლის რადუკანუმ უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში 7 მატჩი ჩაატარა ტოპ 50-ის ჩოგბურთელებთან და ყველა მოიგო.US open-ის ფინალში ემამ 111 წუთში 6:4 6:3 დაამარცხა ლეილა ფერნანდესი და….

გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც კვალიფიკაციის გავლის შემდეგ შეძლო დიდი სლემის ტურნირის მოგება

პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც მეორე დიდი სლემის ტურნირზე იასპარეზა და მისი მოგება შეძლო

უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში რადუკანუ დიდი სლემის ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია (2004 წელს შარაპოვამ 17 წლის ასაკში მოიგო უიმბლდონი).

ემა ჩოგბურთის ისტორიაში მესამე ქალი ჩოგბურთელია, რომელმაც WTA-ს ტიტულზე ადრე დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

ფინალური შეხვედრა რადუკანუს აგრესიული შეტევებით გაიხსნა. ემამ ჯერ დამაჯერებლად მოიგო გეიმი საკუთარ ჩაწოდებაზე, შემდეგ უკვე მე-6 მცდელობთ ბრეიკპოინტის რეალიზება შეძლო და 2:0 დაწინაურდა.

19 წლის ლეილა ფერნანდესი დროულად გამოფხიზლდა და შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა 2:2.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა მე-10 გეიმში კანადელს ჩავარდნა დაეწყო, რაც მაშინვე გამოიყენა რადუკანუმ – შეასრულა მორიგი ბრეიკი და სეტიც მოიგო 6:4.

კანადელი ჩოგბურთელი ფსიქოლოგიურად არ გატყდა სეტის წაგების შემდეგ. მეორე პარტიის სტარტზე საკუთარ ჩაწოდებაზე 3 ბრეიკპოინტი გადაარჩინა, მესამე გეიმში აქეთ დააბრეიკა მეტოქე 2:1.

იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ფერნანდესი შეძლებდა შეხვედრის მესამე სეტში გადაყვანას, თუმცა რადუკანუმ თამაშის სტილი დროულად შეცვალა – გაცილებით უფრო აგრესიულად ამოქმედდა, ცდილობდა მაქსიმალურად დაეტვირთა მეტოქის ბექჰენდი და მაღალი, დაკიდებული ბურთების გადაგდებით ტემპი დაეგდო ლეილას ჩაწოდებებზე.

ემამ ზედიზედ 4 გეიმი მოიგო 5:2 დაწინაურდა. მე-8 გეიმში ბრიტანელს 2 მატჩბოლი ქონდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შეძლო, ფერნანდესმა გაუძლო ზეწოლას და მეტოქესთან ჩამპრჩენა მაინც შეამცირა 3:5.

მე-9 გეიმის მიმდინარეობისას რადუკანუმ მუხლი დაიზიანა და სისხლი წამოუვიდა – კორტზე ექიმი გამოიძახეს, რამაც გარკვეული პაუზა გამოიწვია.

ლეილას ნამდვილად არ აწყობდა ასეთ მომენტში შეხვედრის შეჩერება, რადგან ბრეიკპოინტი ქონდა, თუმცა მისმა დავამ კოშკურის მსაჯთან უშედეგოდ ჩაიარა.

რადუკანუ მალევე დაბრუნდა ცენტრალურ კორტზე, დამაჯერებლად ჩააწოდა და რამდენიმე წუთში უკვე კარიერის უდიდესი გამარჯვებაც მოიპოვა 6:4 6:3.