US OPEN-ის ფინალში 2 თინეიჯერი გავიდა

US OPEN-ის ფინალში 2 თინეიჯერი გავიდა

2021 წლის US OPEN უაღრესად საინტერესო და სენსაციებით სავსე გამოდგა. ტურნირის დაწყების წინ მსოფლიოში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფინალში 2 თინეიჯერი გავიდოდა, რეალობა კი ნამდვილად ასეთია.

ამერიკის ღია პირველობის ფინალში 19 წლის ლეილა ფერნანდესი 18 წლის ემა რადუკანუს დაუპირისპირდება.

XXI საუკუნეში ეს პირველი შემთხვევაა, როდესად დიდი სლემის ტურნირის ფინალში ორი თინეიჯერი გავიდა. ბოლოს ასეთი ფაქტი 1999 წელს დაფიქსირდა, როდესაც ნიუ იორკში 17 წლის სერენა უილიამსმა 18 წლის მარტინა ჰინგისი დაამარცხა.

null

პირველ ნახევარფინალში კანადელი ლეილა ფერნანდესი მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერ არინა საბალენკას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა ბელორუსი მეტოქე 7:6 4:6 6:4.

საბალენკამ მატჩი აგრესიულ სტილზე დაიწყო და მალევე შეასრულა ბრეიკი, რისი წყალობითაც 4:1 დაწინაურდა. ბელორუსი მაღალი სიჩქარით აწვდიდა ბურთებს, რისთვისაც მეტოქე მზად არ გამოდგა.

მე-6 გეიმში ფერნანდესმა ფენომენალური გეიმი ჩაატარა საკუტარ ჩაწოდებაზე – მეორე ჩაწოდებით 2 ეისი „გაუშვა“ მეტოქის ნახევარზე, ერთი ეისი პირველი ჩაწოდებით მიითვალა და მეოთხე ქულაც იოლად აიღო – ისეთი სიძლიერით ჩააწოდა ბურთი, რომ არინა მხოლოდ სიმბოლურად შეეხო ჩოგნით.

საბალენკა სწორედ ამ გეიმის შემდეგ დაიბნა და დაეჭვდა – შეძლებდა კი ასე მარტივად პირველი სეტის მოგებას? ბელორუსმა 2 ორმაგი დაუშვა, რასაც 2 უნებლიე შეცდომა მოყვა და ლეილამ უკუბრეიკი შეასრულა.

პირველი სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც არინამ რამდენიმე ბავშვური შეცდომა დაუშვა და პარტიაც წააგო.

მეორე სეტის სტარტზე საბალენკამ ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. ფერნანდესი დროულად გამოფხიზლდა და წონოსწორობა მალევე აღდგა 2:2.

პარტიის მიწურულს ბელორუსმა ჩოგბურთელმა მეორე მცდელობით შეძლო კანადელის გეიმის მოგება და შემდეგ უპრობლემოდ ჩააწოდა სეტზეც 6:4.
მესამე, გადამწყვეტი პარტია დრამატული გამოდგა – ამჯერად ლეილა დაწინაურდა ადრეული ბრეიკით 4:2, თუმცა 8 ნათამაშები გეიმის შემდეგ ანგარიში უკვე თანაბარი იყო 4:4.

მაყურებელი ტაიბრეიკისთვის ემზადებოდა, როდესაც ფერნანდესმა ჯერ საკუთარი ჩაწოდება მოიგო იოლად, ხოლო მომდევნო გეიმში უკვე მშრალი ანგარიშით დააბრეიკა მეტოქე და მატჩიც გამარჯვებით დაასრულა.

მეორე ნახევარფინალში 18 წლის ემა რადუკანუმ 6:1 6:4 გაანადგურა მარია საკარი და კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის ფინალში.

შეხვედრის სტარტზე ბერძენმა სცადა მეტოქე „პრესის“ ქვეშ მოექცია და ბრიტანელის ჩაწოდებაზე 7 ბრეიკპოინტი მიიღო, თუმცა ვერცერთის რეალიზება ვერ შეძლო.

გადამწყვეტ მომენტებში მარია უხეშ შეცდომებს უშვებდა და ფაქტობრივად არ გამოსდიოდა აგრესიული დარტყმები კორტის კუთხეებში.

რადუკანუ მეტოქეს ჩაწოდების სიმძლავრეში აშკარად ჩამორჩებოდა, თუმცა მშვენივრად იყენებდა თავის პლიუსებს – გაცილებით სწრაფად გადაადგილდებოდა კორტზე და ბექჰენდით არაერთი გათამაშება მოიგო.

ემა ფორჰენდსაც იდეალურად იყენებდა, რისი წყალობითაც ბერძენი მეტოქე ფაქტობრივად უშანსოდ დატოვა და 85 წუთში მოიპოვა კიდეც ფინალის საგზური.